ევროკომისიის რეკომენდაციების მე-9 პუნქტი საქართველოს მოუწოდებს, უფრო მეტი გააკეთოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის.
სანამ მმართველი პარტია ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საკანონმდებლო პაკეტს მოამზადებდა, თავისი ხედვა რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო სექტორმა წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ პუნქტის შესრულებას ამგვარად ხედავენ: სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, მოვიდეს შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან; დამტკიცდეს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა; სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის გაუქმდეს „მსხვერპლის სტატუსის“ მოთხოვნა. [მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტში ინიციირებულია]
ამ პუნქტის შესრულების შესახებ თავისი ხედვა წარადგინა საპარლამენტო ოპოზიციამაც. მათი გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანია: გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმის მიღება; სქესობრივი დანაშაულების სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა; ძალადობის მსხვერპლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, რომ მნიშვნელოვანია, სქესობრივი დანაშაულების სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, ერთ-ერთი დანაშაულის – გაუპატიურების მუხლის შეცვლა. ეს საკითხი იყო წლების განმავლობაში და ახლაც არის უფლებადამცველების მოთხოვნა. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი ცვლილება და არსებული რედაქციაა შეიცვალოს.
სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, გაუპატიურება ისეთი ტიპის დანაშაულია, რომელსაც თან ახლავს ძალადობა. სტამბულის კონვენციის მიხედვით კი, გაუპატიურებად ასევე უნდა ჩაითვალოს სქესობრივი კავშირი, რომელიც მოხდა თანხმობის გარეშე.
რა წერია „ოცნების“ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცვლილებათა პაკეტში?
ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესასრულებლად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დააინიციირა. პაკეტი ითვალისწინებს გარკვეული სქესობრივი დანაშაულების შესახებ ცვლილებებს, მაგრამ გაუპატიურების მუხლის შეცვლას მმართველი პარტია კვლავ არ გეგმავს.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ძირითადი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ:
- ცალკე გამოიყოფა არასრულწლოვანის გაუპატიურების ნაწილი და ხდება მისი ცნების მოდიფიცირება. ცვლილების მიხედვით, ფართოვდება დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალი არასრულწლოვანის გაუპატიურებასთან დაკავშირებით;
- კოდექსს ემატება მუხლი, რომლითაც დანაშაულად გამოცხადდება აბორტი თანხმობის გარეშე;
- ასევე, დაემატება მუხლი, რომლითაც აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრ სასჯელს გაითვალისწინებს;
- მუხლს, რომელიც ეხება ქორწინების იძულებას, ემატება ახალი დებულება, რომელიც დანაშაულად აცხადებს ქორწინებაზე იძულების მიზნით ქვეყანაში შესვლაზე პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები.
- მუხლს, რომელიც ეხება იძულებას, დამამძიმებელ გარემოებად ემატება ქმედების ჩადენა „გენდერის ნიშნით“ და „ოჯახის წევრის მიმართ“.
- ასევე, მუხლებს, რომლებიც ეხება ტრეფიკინგს, დამამძიმებელ გარემოებად ემატება ქმედების ჩადენა „ოჯახის წევრის მიმართ“ და„გენდერის ნიშნით“.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტის შედეგად იხვეწება სექსუალური შევიწროების დეფინიცია და ხდება მისი სტამბულის კონვენციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად „გენდერის ნიშნით“ სამართალდარღვევის ჩადენის მიჩნევა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, გათვალისწინებულია ამ სამართალდარღვევისთვის უფრო ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების დაწესება, კერძოდ:
-
სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, ისჯება ჯარიმით 600 ლარის ოდენობით. [მოქმედი რედაქციით 300 ლარია]
-
ამ დანაშაულის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში ისჯება 800 ლარის ოდენობის ჯარიმით. [მოქმედი რედაქციით 500 ლარია]
- სექსუალური შევიწროება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა, ისჯება 800-დან – 1000 ლარამდე ჯარიმით. განმეორებით ჩადენა დანაშაულის კი – 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმით.
მმართველი პარტიის საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის ასევე „გენდერული თანასწორობის კანონშიც“. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო გარდა ფორმალური თანასწორობის განმტკიცებისა, უზრუნველყოფს ქალებსა და კაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას.