„ოცნების“ კანონპროექტით, პარტიებს უცხოური შემოწირულობით ლექცია-სემინარების ჩატარებაც ეზღუდებათ

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იწყებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად გრანტების შესახებ კანონში, კორუფციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხილვას. ამის შესახებ „ოცნების„ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შემოთავაზებული ცვლილებით,  შემოწირულობის მიღება დაუშვებელია საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; ამ მუხლს ჩამოშორდა გამონაკლისი, რომელიც ლექცია-სემინარების ჩატარებას გულისხმობდა.

კერძოდ, მოქმედ კანონში აღნიშნულია, რომ შემოწირულობის მიღება დაუშვებელია საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა;

კანონიდან ამოიღებენ მუხლს, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.

პროექტის მიხედვით, პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.

დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად კანონპროექტი, მაქსიმუმ, 18 აპრილს უკვე მიღებული იქნება. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.