ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო პროცესებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
დღეს ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 1-ლი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ფარავს.
რეფორმირებული კანონმდებლობის შესაბამისად, 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს ახალი თავმჯდომარე და 2 პროფესიული წევრი ახალი წესებითა და პროცედურით შეირჩნენ. საიამ მონაწილეობა მიიღო საკონკურსო კომისიის საქმიანობაში.
„ორგანიზაციამ თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ხმა არცერთ მათგანს არ მისცა, ხოლო პროფესიული წევრებიდან 3-ს გამოუცხადა მხარდაჭერა. საია არ შეუერთდა საარჩევნო დავების განხილვების პროცესის ზედამხედველობის მიზნით შექმნის ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა პოლიტიკური დაძაბულობა, თუმცა, საანგარიშო პერიოდში პარტიების აქტიურობა კამპანიის თვალსაზრისით ნაკლებად შეინიშნებოდა“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
საიამ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე პრობლემური შემთხვევა აღრიცხა, საიდანაც ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო მეორე – ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხება.
„საჯარო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება დაფიქსირდა მთავრობის ინიციატივაში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირების შესახებ, აგრეთვე, სახელისუფლებო ოფიციალურ Facebook-გვერდებზე მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტებში. მართალია, ეს ქმედებები საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ჯერ არ მოქმედებდა, თუმცა საია პარტიის მხარდასაჭერად საჯარო რესურსის გამოყენებას ცუდ პრაქტიკად მიიჩნევს, რომელიც ეწინააღმდეგება პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნას.
სამსახურიდან გათავისუფლების საქმე შეეხება გორის მერიის ადმინისტრაციის და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის, ოლეგ ხუბულურის დისციპლინური წარმოების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რაც, საიას შეფასებით, კანონშეუსაბამოა და ოპოზიციურ აზრს და მის გამოხატვას უკავშირდება,”- ნათქვამია ანგარიშში.
საია აგრძელებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.