„ოცნების“ მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს - „კოალიცია“

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ კამპანია შინ ევროპისკენ კლიპის ეთერში განთავსების გამო და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში.

„ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან“,- ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

„ქართული ოცნება” კომუნიკაციის კომისიას მიმართავს და ტელეკომპანიების – „მთავარი არხის”, „ფორმულასა“ და „TV პირველისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

როგორც კომისიისადმი განცხადებაში წერია, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ 23 და 24 ივნისს ამ სამი ტელევიზიის ეთერში განთავსდა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მქონე ვიდეორგოლები, რისი მიზანიც იყო, „ოცნების” წევრები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.