მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა არ იზიარებს ამ მოსაზრებას, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში.
შეკითხვაზე – „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“
ეროვნულ დონეზე მოსახლეობის 50%-ის პასუხია – „არა“, 39% – „დიახ“.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 70%-ის პასუხია „დიახ“, 22% პასუხობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
ოპოზიციის მხარდამჭერთა 21% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 74%-ის პასუხია – „არა“.
კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).