„ოცნების" ოცდაათი მაჟორიტარი კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

„ოცნების” მიერ წარდგენილი 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია – ნინო ლაცაბიძე.

მისი კანდიდატურა რუსთავის მუნიციპალიტეტს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულებს წარმოადგენს.

ნინო ლაცაბიძე ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია. მისი წარდგენისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ლაცაბიძე პოლიტიკურ საქმიანობას „წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ინიციატორია კანონისა, რომელიც პარლამენტში გენდერული ნიშნით კვოტირებას ითვალისწინებს.

წელს საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.