„ოცნების“ ოფისთან ენმ-ის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან,  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს. აქციაზე პარტიის  წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები, აცხადებენ, რომ ისინი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პრორუსულ განცხადებას აპროტესტებენ და შესაბამისი ბანერებიც აქვთ აქციაზე მიტანილი, წარწერით „ირაკლი რუსი“, „მოღალატეები“.

ასევე, როგორც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ამბობენ, ისინი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

„ყველგან მოგაკითხავთ, არ მოგასვენებთ, არ მოგაკვლევინებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და არ შევეგუებით საქართველოში რუსული მმართველობის გაფორმებას“, – განაცხადა აქციაზე აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ყოველდღე ენმ-ის ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართება.