„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულების და რეჟიმის შესაფასებლად“ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში შეიქმნება „2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.
მდინარაძისვე თქმით, დასკვნაში აისახება რეკომენდაციები კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. ეს დასკვნა გადაეცემა პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს.
მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის ომის საკითხზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მოსამსახურეები და მეთაურები.
ის ამბობს, რომ კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირებს და ყველა სხვა პირს, რომელსაც შეიძლება „ბრალი მიუძღოდეს ან ინფორმაციას ფლობდეს დანაშაულებზე“.
„ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა კონსპირაცია (შეთქმულების თეორია) დონალდ ტრამპის „დიფ სთეითთან“ ბრძოლის და „დიფ სთეითის“ მიერ მართული „რადიკალური ოპოზიციის“ შესახებ.
„ოცნება“ „რადიკალურ ოპოზიციაში“ აერთიანებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებსაც. „დიფ სთეითის“ ან „გლობალური ომის პარტიის“ წევრებად იხსენიებენ ყველას, საერთაშორისო თუ შიდა აქტორს, ვინც „ოცნებას“ აკრიტიკებს.
„ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იმავენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან“.
2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:
– პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
– ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
– კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
– კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
– 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა მდინარაძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო.
პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების აუცილებლობის ერთ-ერთ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესაძლებლობას ასახელებდა, თუმცა მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.
ასევე, გასული წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ჯგუფმა „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მათი მხარდამჭერებიც უნდა გასამართლდნენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ იდეის განხილვას „ოცნება“ არ აპირებს.