„ოცნების“ პარლამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ წარმოება მისცა შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ცვლილება შედის 18 კანონში, მათ შორისაა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსები.

შსს ამბობს, რომ ცვლილებების მიზანია „უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია“.

ინიციატივის თანახმად:

  • სისხლის სამართლის კოდექსში ინერგება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
  • იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს.
  • მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელების გაძევების პროცედურა.
  • თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
  • ინერგება დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი.
  • შემოდის ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოხდება თავშესაფრის განხილვა უცხოელის შემოშვების გარეშე, თუ მისი შემოსვლა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
  • მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები.
  • ინერგება გადაწყვეტილების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც გააუმჯობესებს გასაჩივრების ვადების კონტროლს.
  • შეიზღუდება ბინადრობის ნებართვის გაცემა იმ უცხოელებზე, რომელთა მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მათ გაძევებასთან დაკავშირებით.

პაკეტის განსახილველად წამყვანი იურიდიული კომიტეტი იქნება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.