„ოცნების” პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა მედიის შემზღუდველ, რეპრესიულ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მედიის შემზღუდველ, რეპრესიულ ცვლილებებს, რომლითაც „მაუწყებლების დაფინანსების და მუშაობის სტანდარტები რეგულირდება”. 

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ. ბრიტანულ მოდელს, რომლითაც „ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი”.

ანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა, თუ რატომ გახდა საჭირო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა. მან ამის ერთ-ერთ არგუმენტად „მოდელირებული ქრონიკა” მოიყვანა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი შემთხვევების „პრევენციისთვისაა” საჭირო მსგავსი ცვლილებების განხორციელება. 

სხდომაზე შეკითხვა დასვა „ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა, რომელმაც მომხსენებელ არჩილ გორდულაძეს ჰკითხა, რამდენად არის თანხვედრაში კანონპროექტი ბრიტანულ მოდელთან.

გორდულაძემ მას უპასუხა:

„მოდით, დავიწყებ იმით, რა არის აქ ბრიტანული. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ბრიტანულია – ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: როცა თვითრეგულირების მექანიზმი იქმნებოდა, როდესაც კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი აქტით, კოდექსით რეგულირდებოდა საკითხები, მაშინ ზუსტადაც რომ ბრიტანული მოდელი იქნა გათვალისწინებული…”, – თქვა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმითვე, „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები გაზეთებსა და ონლაინმედიას არ ეხება, თუმცა, მისი თქმით, ონლაინმედია „დამატებითი გამოწვევაა” და გააგრძელებენ მუშაობას მის რეგულირებასთან დაკავშირებით. 

„დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან… რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს

ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”, – თქვა გორდულაძემ.


„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააინიციირა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ორი ცვლილება, რომლითაც მაუწყებლების დაფინანსების და მუშაობის სტანდარტებს დაარეგულირებს. 

ერთი ცვლილება კრძალავს „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის დაფინანსებას, მეორე კი – მაუწყებელს განუსაზღვრავს მუშაობის სტანდარტებს და აფართოებს კომუნიკაციების კომისიის როლს

ვინ არის „უცხოური ძალა“ და რა სახის დაფინანსება იკრძალება

უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც სხვა სახელმწიფოსთანაა კავშირში

იკრძალება უცხოური ძალისგან ფულის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის  მიღება

იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების, ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება

მცირდება მაუწყებლის თვითრეგულირების როლი და იზრდება კომუნიკაციის კომისიის უფლებამოსილება

მოქმედი კანონით, ფაქტების სიზუსტეზე, პასუხის უფლებაზე, სამართლიანი გაშუქების უფლებაზე და სხვა საკითხებზე მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება

შემოთავაზებული ცვლილებით, ეს საკითხები შეიძლება გასაჩივრდეს როგორც თვითრეგულირების მექანიზმში, ასევე კომუნიკაციების კომისიაში

„ხარისხიან და ობიექტურ მაუწყებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა“

მოქმედ კანონში პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, სახელი და რეპუტაცია შესაძლოა, შეილახოს მცდარი ფაქტის გაშუქებით, აქვს პასუხის მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებელს აქვს უფლებამოსილება, გარკვეული შემთხვევაში, უარი უთხრას მას პასუხზე. მაუწყებლის უარი შესაძლოა, გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

ცვლილებების მიხედვით პირს, რომლის ინტერესებიც შესაძლოა, შეილახოს, პირდაპირ ეძლევა საჩივრის შეტანის უფლება და ასევე მაუწყებლისთვის პასუხის უფლების მოთხოვნის უფლება.

მუხლი აღარ ითვალისწინებს მაუწყებლის უფლებამოსილებას პასუხზე უარის შესახებ.

დაუშვებელი ხდება ახალი ამბების გადაცემისას დადგმების და ინსცენირების გამოყენება

დაუშვებელი ხდება პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის ან ჟურნალისტის სახით

დაუშვებელი ხდება საინფორმაციო პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე

დაუშვებელი ხდება რომელიმე პარტიის თუ ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა

საავტორო გადაცემაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. პირს, რომლის მიმართაც ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული პასუხის გაცემის საშუალება

საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელი ხდება უფლებამოსილი პირის თანხმობა

სკოლებში, საავადმყოფოში, ციხეებში, პოლიციაში ან სასწრაფოში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულო ხდება თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირისგან, ასევე იმ პირებისგან, რომელსაც უღებენ

ორივე შემთხვევაში გამონაკლისად საზოგადოებრივი ინტერესია მითითებული

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ფარული მეთოდით მოპოვებულ ინფორმაციას არეგულირებს

პროექტში აღნიშნულია, რომ ფარული მეთოდის გამოყენება გამართლებულია, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და აუცილებელია სიზუსტის უზრუნველსაყოფად

ფარულ ჩანაწერად შესაძლოა განისაზღვროს როგორც ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ასევე სატელეფონო საუბარი, როდესაც ჩაწერის შესახებ რესპონდენტი ინფორმირებული არაა

კანონპროექტი განმარტავს, რომ ჟურნალისტს სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება მხოლოდ მას შემდეგ აქვს, რაც რესპონდენტს განუმარტავს, რომ ზარი იწერება და შესაძლოა, გამოქვეყნდეს

კანონში ჩნდება ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებას და არასრულწლოვნების დაცვის საკითხებს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან „ოცნების” პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.