„ოცნების“ პარლამენტმა FARA-სა და მედიის შემზღუდველ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) პროექტსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მედიის შემზღუდველ ცვლილებებს.

კანონპროექტებს დეპუტატებმა სრული უმრავლესობით, 0 – წინააღმდეგი დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე „FARA”-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტში არ არის ნახსენები საქართველო და გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის მდივანი, შტატის კანონები და ა.შ. უცხო ქვეყნად მოხსენიებულია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ მისი წარდგენის დროს თქვა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი დეტალური თარგმანია და „რომ ვინმეს არ დაეწამებინა ცილი, რომ რაიმე განსხვავებულია ამერიკულისგან“. „ოცნება“ ამბობს, რომ მას მოარგებენ ქართულ რეალობას, მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ FARA-ს აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო, ასევე ტერმინი „სახელმწიფო მდივანი“ – შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრით.

გორდულაძემ განმარტა, რომ ის ვრცელდება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომლებიც „იღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას, ან მოქმედებენ უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის დავალებებით, დამოკიდებულები არიან მათ დავალებაზე და ჩართულები არიან პოლიტიკურ აქტივობებში“.

სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა იკითხა, შეძლებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები გადარეგისტრირების გზით თავი აარიდონ FARA-ს, რაზეც გორდულაძემ თქვა:

„თუ ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საქართველოზე, მისი ძირითადი საქმიანობა, ფიზიკური პირი იქნება და იურიდიული პირის შემთხვევაში, მათზეც გავრცელდება ფარა, შესაბამისად, არ ექნებათ შესაძლებლობა იმ არაკეთილსინდისიერ პირებს, რომელთა მიზანია კანონის რეგულაციიდან გავიდნენ, გამოძვრნენ და თავიანთი ბნელი საქმიანობა განახორციელონ, ან ნებისმიერი საქმიანობა, არა მხოლოდ ბნელი არამედ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ჯდება კანონის რეგულირების ქვეშ, აუცილებლად ისინიც მოხვდებიან ფარაში“.

რაც შეეხება აღსრულებისა და ჯარიმების ნაწილს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

გორდულაძემ სხდომაზე ასევე წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც „ოცნება“ „ბრიტანულ მოდელს“ უწოდებს. მისი თქმით, მედიას დღესაც აქვს პასუხისმგებლობა არ გაავრცელოს ფეიკ ნიუსი“, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი თვითრეგულირების ნაწილია, „არავითარი ქმედითი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ ფაქტები გავრცელდეს ჯეროვნად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს დაცული, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.

„რაც ახლა უკვე მოქმედია, რის შესრულებაზეც მაუწყებლებს უკვე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ნაცვლად თვითრეგულირებისა, იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რასაც ექნება პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ფაქტებზე ჯეროვანი ინფორმაცია და ადამიანების უფლებები იყოს ელემენტარულად დაცული“, – ამბობს გორდულაძე.

მისი თქმით, დაინტერესებულ პირს, რომლის უფლებებიც შეიძლება შელახული იყოს, ორი არჩევანი ექნება, გორდულაძის განმარტებით, თუ ის „მთავარს“ ან „ტვ პირველს“ ენდობა, შეუძლია ამ მედიებს მიმართოს უფლებების აღდგენაზე, ხოლო თუ არ ენდობა, მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო იქნება. გორდულაძემ განმარტა ისიც, რომ დავის სასამართლოში გაგრძელება შეიძლება, თუმცა ეს აქტის მოქმედებას არ აჩერებს.