„ოცნების“ პარლამენტმა მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად აირჩია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად აირჩია. ლევან ნემსაძე მოქმედი მოსამართლე არ იყო, ამიტომ არჩევის შემდეგ მან პარლამენტის წინაშე ფიცი დადო.

ვინ არის ლევან ნემსაძე

ლევან ნემსაძე 2023 წლიდან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრია. მან 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2009 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2023 წელს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ის 2008-2009 წლებში მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატური იყო. 2009-2011 წლებში კი ამავე სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი. ნემსაძეს სამინისტროს სსიპ-ში მუშაობის გამოცდილებაც აქვს – 2019-2020 წლებში ის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი იყო.

2022 წელს ნემსაძე იუსტიციის საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის ხარისხის ჯგუფის უფროსი კონსულტანტი იყო, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე – სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი.

ვინ არის მიხეილ ჯინჯოლია

მიხეილ ჯინჯოლია თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების საქმის განმხილველი იყო (გიორგი შანიძე, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ახობაძე). ბოლოს ის არსებითად განიხილავდა გიორგი ახობაძის საქმეს. 4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახობაძის საქმე მოსამართლე რომელ ტყეშელაშვილს დაეწერა. ტყეშელაშვილმა 6 აგვისტოს გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა) უდანაშაულოდ ცნო.

მიხეილ ჯინჯოლიამ მიუსაჯა მიხეილ სააკაშვილს 12 წელი და 6 თვე. მან საქართველოს მე-3 პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე და ნაცვლად სასჯელის შთანთქმის პრინციპისა, შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.

რაც შეეხება მის განათლებას, ჯინჯოლიამ 2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2009 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 2014 წელს კი კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა იურიდიული განხრით.

2025 წლის ივლისიდან ის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეა და დაკისრებული აქვს ამავე კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.