„ოცნების“ პარლამენტმა პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის  მიხედვით, საკონსტიტუციოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას
  • აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს
  • ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.


ოპოზიციური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებაა.

2024 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნება”, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრებოდა.

14 აპრილს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.