„ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გრანტებისა და პარტიების კანონში ცვლილებებს.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი იყო. პაკეტში შემავალ ორგანული კანონის პროექტებს კი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
საკანონმდებლო პაკეტით, რომლის განხილვაც დღეს იწყება, გათვალისწინებულია ცვლილებები პარტიების კანონშიც და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
პროექტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოდან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:
- ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;
- ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტად ასევე მიიჩნევა:
- პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;
- სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.
ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.
კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებით, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.
პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. 8 წლის ათვლა დაიწყება იმ წლიდან, როცა მან ბოლოს მიიღო ასეთი შემოსავალი.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მოაზრებულია ორგანიზაცია, მაუწყებელი ან სხვა ტიპის მედიასაშუალება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება გამოიწვევს პარტიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.
20 000 დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.