„ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებას.

ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის შექმნით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ „სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო“.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციის შექმნის ამგვარი შეფასება არასწორია.

მაგალითად, პოლიტიკის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი თორნიკე ზურაბაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით სეპარატისტებისთვის ლეგიტიმაცია არ მიუციათ, პირიქით, ვინც სეპარატისტი იყო, სწორედ მის საწინააღმდეგოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი თბილისის მიერ ცხინვალის რეგიონში არსებული სტატუს კვოს მისთვის სასიკეთოდ შეცვლის მცდელობა იყო.

მიმოხილვა მოამზადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც“.  ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკისთვის კიდევ ერთ გამოწვევად აფასებს.