„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო.
ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით:
• საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება. დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
• ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება;
• მოსწავლისათვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო;
• სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას;
უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით:
• „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას.
• უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი სიცხადე და რეორგანიზაციის პროცესის ეფექტიან და გამჭვირვალე განხორციელება;
• აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება.