„ოცნების“ პარლამენტში 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე ამერიკული „FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი“ დარეგისტრირდა.
„ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ ესაა ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი.
საქართველოს კანონის პროექტთან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ქართული რეალობისთვის შეუსაბამოა და საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებია საჭირო.
„წარმოდგენილი ინიციატივა გახლავთ აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, წარმოდგენილი ინიციატივა ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება.
კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.
მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად, კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, აშშ-ის პრეზიდენტს და ა.შ. რაც გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი. შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილების საჭიროებაა, თუმცა პაკეტს მხოლოდ სისხლის სამართლის კანონპროექტი ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტები თანდართული არაა“, – განაცხადა მან.
„ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მათთვის ცნობილია კანონპროექტის შეუსაბამობა ქართულ რეალობასთან, თუმცა მათი მიზანი აშშ-ის კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი იყო, დანარჩენი კი საპარლამენტო მოსმენებისას გამოსწორდება.
„ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სიტყვა სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიციირებულიყო იმისთვის, რომ მერე აღარ ყოფილიყო საუბარი, თარგმანში დაკარგვების მცდელობები. რა თქმა უნდა, რიგ კანონებს დასჭირდება ცვლილებები, მაგრამ იმისთვის, რომ იყოს სამსჯელოდ შემოტანილი, რომ დიახ, აი, ეს არის ქართულად ნათარგმნი, თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ.
რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება იმ ორგანოების განსაზღვრა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, რომლებიც ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ და დეპარტამენტის ხელმძღვანელიც, რომ ინსინუაციები არ გამოეწვია თითოეულ სიტყვას“, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში განხილვის პროცესში ტერმინოლოგიას მოიყვანენ შესაბამისობაში ქართულ რეალობასთან.
„აგერ არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა. საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს ე.წ. თრექ ჩეინჯით შეუძლიათ დააკვირდენ, რა შეიცვლება ამ კანონში“, – განაცხადა მან.
პროექტი სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.