„ქართული ოცნების“ პარლამენტში „ოცნებისა” და ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის.
განმარტებით ბარათში „ოცნება” ამტკიცებს, რომ „რეგლამენტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა ვერ ასრულებს იმ რეალურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა კანონმდებლის ნება”.
„კერძოდ, ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აფერხებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას.
არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად ისინი არიან დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს შეუძლიათ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წევრობის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან.
„წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა. კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა.
გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდეს ცესკოს წევრის არჩევის წესზეც. აქედან გამომდინარე, პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ცესკოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს რეგლამენტში“, – წერია განმარტებით ბარათში.
ასევე, ცვლილების თანახმად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.
„ოცნების” გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვითაც, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო.