„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ჯაფარიძე სხდომაზე არ მივიდა.
„ბრალი წამიყენეს, ეხება ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არმისვლას, კონკრეტულად შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, მე არ ვიცი. დაველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ხელისუფლებას ჩამოშორდება“, – თქვა მან უწყების დატოვების შემდეგ.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, უცნობია, აღკვეთის ღონისძიების სახით რას ითხოვს პროკურატურა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბადრი ჯაფარიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ, 3 აპრილს გამოიკითხა. მანამდე ამავე მუხლით ბრალდება წარედგინა „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
„ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, პარტიის წევრებმა დატოვეს საპარლამენტო მანდატები.