ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება ბრიფინგზე წაიკითხა.
ეს არის პასუხი ევროკავშირის განცხადებაზე, რომლითაც დასავლეთმა „ქართულ ოცნებას” ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა მოსთხოვა და ამისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა. ევროკავშირის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის გადახედვა დადგება.
„ოცნების” განცხადება კვლავ პროპაგანდისტული ნარატივებს მოიცავს „რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის” შესახებ, რომელსაც „დასავლეთი ითხოვდა”.
„ქართული ოცნება” თავს დაესხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ისინი საქართველოზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
პარტიის განცხადებაში ისევ ლაპარაკია „გამუდმებულ შანტაჟზე” დასავლეთის მხრიდან, რაც, მათი ნარატივის თანახმად, იმიტომ ხდებოდა, რომ „საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა”.
„რის გამოც გლობალური ომის პარტიის, იგივე დიპ სტეიტის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა”. – აცხადებს „ოცნების” პოლიტსაბჭო და დასძენს, რომ „
დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება”.
„უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა – როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი – ქვეყნის ომში ჩართვა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს უფრო და უფრო ძლიერდება საქართველოს ჩართვის მოთხოვნა რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობაზე, უვიზო მიმოსვლის გაუქმება კი „გლობალური ომის პარტიისთვის” ამის ერთ-ერთი ბერკეტია.
„ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება”. – წერია „ოცნების” განცხადებაში.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს „დიფ სთეითთან” ბრძოლაში გამარჯვება უსურვა.
მან ახსენა „ოცნების” აშშ-ის მიერ სანქცირებული წევრები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი.
„ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა დიპ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ევროპისა და რუსეთის ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპ სტეიტი, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“. – ნათქვამია „ქართული ოცნების” განცხადებაში.
„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.
ხოლო საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.