„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.
განცხადებას „ოცნების“ პოლიტსაბჭო „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილად“ მოიხსენიებს და მიიჩვენებ, რომ წერილი უნდა შეფასდეს როგორც „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე.“
„18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ „პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას“ ასახელებენ. პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა….
წერილი შეიცავს კიდევ ერთ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, აქტივისტები „უსამართლოდ არიან დაკავებული“. ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაქტის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი….
18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი – ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან….“,- ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცახდებაში.
ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება 11 ივლისს გაავრცელეს.
„დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს. ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას. ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები მოვუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.