„ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს პირველი საგარეო ვიზიტი აზერბაიჯანში 14-15 აპრილს ექნება, მოგვიანებით კი სომხეთში ჩავა.
ინფორმაცია ყაველაშვილის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მისმა მრჩეველმა, ლუკა ეხვაიამ გაავრცელა.
„აზერბაიჯანში 14-15-ში იქნება პირველი ვიზიტი, შემდეგ უკვე სომხეთში, სავარაუდოდ, თვის ბოლოს. რიცხვები ჯერ არ არის განსაზღვრული“, – თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პოდკასტში „42-ე პარალელი”.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ლუკა ეხვაია დაინიშნა. მანამდე გამოცემა BMG-მ გაავრცელა საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვილი ინფორმაცია, რომ ყაველაშვილის მრჩევლის ანაზღაურება 6 424 ლარია.
ეხვაიას აქვს Tik-Tok-ანგარიში „ფუკოს ქანქარა”, სადაც ის საერთაშორისო საკითხებს მიმოიხილავს. ანგარიშის აღწერაში მითითებულია, რომ „ფაქტებს კიდიათ ემოციები”.