„ოცნების” პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად ყაველაშვილი გამოცხადდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.

ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცესზე განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს, რადგან არ მოსწონს კანდიდატი.

„უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ, თქვენ ამით საქართველოს ზიანი მიაყენეთ“, – თქვა მან.

ხმის დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე ყაველაშვილმა, რომელიც პარლამენტის შენობაშია, მილოცვები მიიღო.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში 09:00 საათზე დაიწყო. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.

როგორ კომპლექტება საარჩევნო კოლეგია?

  • საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი („ოცნება“ 89 წევრი)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი („ოცნება“ 13 წევრი)
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი
  • საკრებულოებიდან 109 წევრი (ოპოზიციურ პარტიებს 55 წევრის წარდგენის უფლება ჰქონდათ, თუმცა მათი ბოიკოტის გამო ეს ადგილებიც „ოცნებამ“ შეავსო).

ყაველაშვილის ინაუგურაცია „ოცნებამ” 29 დეკემბერს დანიშნა.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილილ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.


საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

 „მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, შესაბამისად, ინაუგურაცია ვერ იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა 30 ნოემბერს.

ამავე პოზიციაზე არიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს:

„სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, – აცხადებენ ისინი.


25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.

როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.

მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.