„ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. განცხადებაში არ წერია რომელ მუხლებს შეეხო შეწყალება.

14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.