TV პირველის ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა „ქართული ოცნების“ შიდა ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა. ჩანაწერებით ირკვევა, რომ არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნების მახლობლად ქოლცენტრები ჰქონდა განთავსებული, რომლებსაც ე.წ. კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ქოლცენტრი განთავსებული იყო დირექტორის კაბინეტში, 30-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დაახლოებით 6000 კაპიტანი იყო რეგისტრირებული. ქოლცენტრის ოპერატორს ბაზაში შეჰყავდა იმ მოქალაქეები მონაცემები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ და 41 გააფერადეს, ამ მონაცემბს კი რეალურ დროში ხედავდა პარტიის ცენტრალური ოფისი.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „კაპიტნები“ აკონტროლებდნენ აგიტატორებს, ასევე ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ორგანიზებულად ახდენდნენ, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით მოქალაქეებს ურეკავდნენ და მათგან ხმის მისაცემად უბანზე მისვლას მოითხოვდნენ.
„ქართული ოცნების“ შიდა ფაილების მოპოვების შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ივანიშვილის პარტიას ხალხის დიდი ჯგუფი ჰყავდა მიმაგრებული. ყველა ჯგუფს ჰყავდა კაპიტანი. სწორედ პარტიული კაპიტნის წოდება ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამომრჩეველი უნდა ეიძულებინათ, ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა, შემდეგ პარტიისთვის ეპატაკა, რომ დავალება პირნათლად შეასრულა“, – ამბობს ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე.
პარტიული კაპიტნების სიაში „ნოდარ მელაძის შაბათმა“ ცნობილი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძეც აღმოაჩინა. კობაიძემ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნებას“ ნამდვილად ეხმარებოდა.
„მაქსიმალურად გვერდში ვედექით, რომ სიები, რომლებშიც მხარდამჭერები არიან, მათთან მაქსიმალური კომუნიკაცია გვქონოდა“, – განაცხადა კობაიძემ. მისივე განმარტებით, კაპიტანი პასუხისმგებელია იმ ადამიანთან, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს პარტიასთან.