40%-იანი ბარიერის გაუქმება საკრებულოში, დელეგატები პარლამენტში — ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

პუბლიკა

მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული ცვლილებების თანახმად, რომელიც საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება.

„საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. თუ 40%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

კანონპროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

„ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, „1%-ის გამო მეორე ტურის დანიშვნა ხდებოდა საჭირო მაშინ, როცა მათი კანდიდატი კონკურენტს 20-25%0ით უსწრებდა”.

„ეს იყო სახელმწიფოსთვის ზედმეტი ხარჯი. თუ „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს პირველ ტურში 40%-იან და მეორე ტურში – 50%-იან ზღვარს, მაშინ ვერც ამ საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებთ და რაზე ვლაპარაკობთ, რა დროს თვითმმართველობის არჩევნებია. ამიტომ ეს [შიშის] ფაქტორი საერთოდ არსებობს”, – თქვა მან.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც – საარჩევნო კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.

გარნმარტებითი ბარათის თანახმად, ეს საჭიროა „საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით”.