„ოცნების" სამიზნე გახდა მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც ე.წ კლანთან არ ასოცირდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” სამიზნე სამიზნე გახდა მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც ე.წ. კლანთან არ ასოცირდება.

მმართველი პარტიის მიერ დღეს, 20 აგვისტოს, გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომელსაც საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები მოჰყვა, მათ შორის, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა.

კერძოდ:

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა. კერძოდ, საქმეზე ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთი – გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშიას კი –  სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალა და განზრახ მკვლელობიდან, მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაზე ორივე მათგანი გაამართლა. ეს ნიშნავდა, რომ პროკურატურას კიდევ რამდენიმე დამნაშავისთვის ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი.

დღეს „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეკა არეშიძემ გამოიტანა საეჭვო გადაწყვეტილება, რამაც „რევოლუციური პროცესები“ განაპირობა.

მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ „მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია”.

„თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა.

მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული”. – ნათქვამია „ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებაში.

ეკა არეშიძე ერთ-ერთია იმ 5 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

საქმე ეხება ე.წ „მოსამართლეთა გაციმბირებას”. კერძოდ, გასაჩივრებული ცვლილებით შესაძლებელი ხდება მოსამართლის 4 წლამდე იძულებითი მივლინება სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოშიც. ეს როგორც სასამართლოს, ისე – რანგის ცვლილებაა. ამასთან, ამ გზით მარტივდება მოსამართლეთა ამა თუ იმ საქმიდან ჩამოცილება.