„ქართული ოცნება“ ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ უნდა მიიღოს, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების წარდგინების დაკმაყოფილებაა. ხოლო თუ ასე არ მოხდება, კითხვის ნიშნები გაჩნდება.
„ხელისგულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა, ამის ადაუდგენლობა სამართლებრივად გააჩენს შეკითხვებს, არამხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან. ამდენად ხელისგულზე იყო კონსტიტუციის დარღვევა და რამ განაპირობა ეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს გააჩენს”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც წარდგინების ერთ-ერთი ავტორია.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი წარმოაჩენს „პოლიტიკური ძალების შეხედულებებს კონსტიტუციაზე“.
„მიჭირს წარმოდგენა, მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლო როგორ შეიძლება აღმოჩნდეს განსხვავებულ პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, სახელი დაერქვას იმას, რასაც ჰქვია კონსტიტუციის უპატივცემულობა, კონსტიტუციის დარღვევა. გამოჩნდება, ვინ დაუჭერს მხარს იდეას – კონსტიტუციის დარღვევის დაშვებისა და, ვინ იქნება ამის არამომხრე, შესაბამისად, ესეც იქნება ერთგვარი ლუსტრაცია პოლიტიკური ძალების შეხედულების სისტემაში, თუ რა ადგილი უკავია, მაგალითად, სამართლის უზენაესობის პრინციპს”. – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
„ოცნების“ ყოფილმა და „ხალხის ძალის“ მოქმედმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ 3 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს, მხარეებს და სრულიად საქართველოს „კონსტიტუციის მუხლები დაუღეჭა“.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. თუ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, იმპიჩმენტის პროცესი, პარლამენტში გადაინაცვლებს.
პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს.
კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
„ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლი – რამდენიმე ვიზიტი უცხოეთში პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა.