,,ოცნების” წევრების პოსტები აგვისტოს ომზე რუსეთის ხსენების გარეშე

პუბლიკა

პრემიერმა, თბილისის მერმა, უმრავლესობის ლიდერებმა აგვისტოს ომზე, ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით პოსტები დღეს, 8 აგვისტოს გამოაქვეყნეს.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ facebook-ზე გამოქვეყნა ფოტო – 16 წელი აგვისტოს ომიდან – აღწერის გარეშე.

ასევე, მხოლოდ ფოტო გააზიარა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება, კახა კალაძეს, მის პოსტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს
ომს ეხება, არც წელს არის ნახსენები სიტყვა რუსეთი.

ცნობისთვის, კალაძემ რუსეთი არც აგვისტოს ომზე გამოქვეყნებულ შარშანდელ პოსტში ახსენა.

,,ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები- აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს”, – დაწერა კალაძემ.

 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა.

თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.

ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა.