„ოცნების“ ყოფილი წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

პუბლიკა

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა პარლამენტის დეპუტატებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ აფუძნებენ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მიზანიც იქნება, საჯარო პოლიტიკაში პასუხი გაეცეს ბევრ შეკითხვას და საქართველოს თავიდან ააცილონ ომი.

სუბარმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა წერილმა დაადასტურა ის, რომ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე რეალური იყო, ამ საფრთხის ფონზე კი მნიშვნელოვანია, რომ კულისებიდან საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია და მეტი სიმართლე.

„სწორედ გუშინდელი წერილიდან გამომდინარე, ელჩის დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ის ჩვენი ურთიერთობები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებშიც, ფორმალური ხასიათი მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანი იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელთაც პასუხები არ ეძლეოდა ხოლმე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.

ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატო-ზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, ეს იქნება ერთადერთი საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას“, – განაცხადა სუბარმა.


ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ტირაჟირებს კონსპირაციულ თეორიას, იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველსო ომში ჩათრევა სურს. ხელსუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამას უარყოფს, მაგრამ არსებობს არაერთი მათ განცხადება, რომელიც ამაზე მიუთითებს.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ის თეორია, რომ თითქოს ამერიკას და ევროკავშირს საქართველს ომში ჩართვა სურთ, რუსული დეზინფორმაციაა, მისი თქმითვე აბსურდია თითქოს ის ცდილობდა ივანიშვილის დაშანტაჟებას.