„ოცნებისა“ და პრეზიდენტის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებოს დროს 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს – TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) წარმოებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, „კორონავირუსით“ გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკმა და რა მიმართულებებზე  დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხა.

კვლევაში ცალკეა გამოყოფილი შესყიდვები, რომლებმაც, ორგანიზაციის განცხადებით, სხვადასხვა საეჭვო გარემოების გამო მიიქცია ყურადღება.

ძირითადად, ეს გარემოებები მმართველი პარტიისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვების გზით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია.“  – წერს ორგანიზაცია და ჩამოთვლილია საეჭვო შესყიდვებია სია.

მათ შორის:

  • შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული
  • შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული.
  • პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ) ჯამში8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
  • შპს „ეი-ბი ემ“-მა1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული.
  • შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა.
  • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული
  • კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს.მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.

ანგარიშში ვრცლად არის განხილული კონკრეტულ შესყიდვებთან დაკავშირებული გარემოებები და ასევე სხვა მიგნებები. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ამავე ანგარიშში „გამჭირვალობა საქართველო“ რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

ერთ-ერთი რეკომენდაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიემართება.

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლებლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს;
  • გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი;
  • საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს.