„ქართული ოცნების“ მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტს „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა მარიამ ალ ჰამადმა მოაწერეს ხელი.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, „მემორანდუმი წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მმართველობის გაუმჯობესებას და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს“.
„მემორანდუმი გულისხმობს მთავრობათა შორის გამოცდილების გაზიარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმვა და სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულება. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად შესაბამისი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვას გულისხმობს“, – თქვა ადმინისტრაციის ცნობით, ლევან ჟორჟოლიანმა.