„ქართული ოცნების” პარლამენტი პიროტექნიკის შემოტანა-გაყიდვაზე კანონპროექტს ამ კვირაში განიხილავს.
კერძოდ, „ოცნების” პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
„ოცნების” ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.
ინიციატივის თანახმად, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები დგინდება.
„ოცნების“ პარლამენტის კანონპროექტის თანახმად:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სამი ახალი მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის:
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ;
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიოს პირობების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
ასევე, აღნიშნული პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო ჯარიმის გასამმაგების შემდგომ ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.
პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
კანონპროექტის თანახმად ხდება ტერმინოლოგიური ცვლილებაც, რომლის მიხედვით, პიროტექნიკური ნაკეთობა შეიცვლება პიროტექნიკური ნაწარმით.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებას, ვინაიდან, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნორმები, რომელთა ასახვაც მოხდა ამ კანონპროექტში, ამოქმედდება 2025 წლის 1 აპრილიდან.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები – რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.