ოდესის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს თავის სიტყვას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსების მიერ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთი თავის სიტყვას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„ოდესის დაბომბვა შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, რომელსაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა უზრუნველეყო, ძალადობის აქტია და უნდა დაიგმოს.

ის აჩვენებს, რომ რუსეთი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც თავის სიტყვასა და არც მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ და [მარცვლეულის] მიწოდების გარშემო შექმნილ სიტუაციას“, – წერს  ზურაბიშვილი Twitter-ზე.


დღეს, მარცვლეულის გასატანად უკრაინული პორტების განბლოკვაზე შეთანხმებიდან მეორე დღესვე რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. ოდესის პორტზე, რომელიც ყველაზე დიდია, რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.

როგორც უკრაინული მედია წერს, რაკეტების სამიზნე ზუსტად ის ტერიტორია იყო, საიდანაც მარცვლეული ექსპორტი უნდა დაიწყოს.

გლობალური სასურსათო კრიზისისთვის თავის ასარიდებლად, გაეროს ჩართულობით, რუსეთთან გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სამი უკრაინული პორტისთვის ხელი არ შეეშალა. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, მათ გასული წლის მოსავლიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩათ, რასაც მალევე წლევანდელიც დაემატება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის მიმართულებით გაშვებული 4-დან 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, მაგრამ დანარჩენი ორი პორტს დაეცა.