ოდირმა განაცხადა, რომ კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე ვერ იმსჯელებს – ლომჯარია

პუბლიკა

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის მიხედვით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნაზე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ის ვერ იმსჯელებს წარმოდგენილი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და დასკვნაში აღნიშნა, რომ კონსტიტუციურობის საკითხი  ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტოს.

„უხერხულად არ ვგრძნობ თავს. პირიქით, სახალხო დამცველმა პოზიტიური როლი ვითამაშე. ფაქტია, რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღებული დასკვნით და მას თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად იყენებენ.  ეს კითხვა ეუთო/ოდირისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.  პირადად მე არ მქონდა დიდი მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა, კონსტიტუციური იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა შესაძლებელი იყო, ირიბი მინიშნებები მათი მხრიდან. ამიტომ ჩვენ შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში – რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენელი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იყო ამ საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. როგორც ნახეთ, ეუთო/ ოდირმა განაცხადა, რომ ვერ იმსჯელებს, წარმოდგენილი კანონპროექტი არის თუ არა შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. მან აპრიორი უარი თქვა მსჯელობაზე და განმარტა, რომ კონსტიტუციურობის საკითხი ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.