ოდირს მოუწია ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა – წულუკიანი

პუბლიკა

თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნაზე შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ გაგზავნილი დოკუმენტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა მისი პრეროგატივა არაა და ეს თავად ქვეყნის შიგნით სასამართლომ უნდა შეამოწმოს.

„მე მოგიწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ახალგაზრდები ბრძანდებით და ინგლისურს ჩემზე კარგად ფლობთ, თავად გაეცანით დასკვნას და არც ჩემს ინტერპრეტაციას დაუჯეროთ და არც ოპოზიციის წარმომადგენლის. ამ დასკვნაში არსად არ წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი გერმანული მოდელი შესაბამისობაშია ქართულ კონსტიტუციასთან. ეს თუ სადმე წერია, მოვუწოდებ ოპოზიციას, ამოიღოს ეს ნაწილი და გვანახოს. როცა ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ ოდირში გავგზავნით პროექტს, მე ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობას. ამაზე ქირქილი დაიწყო და დღეს ოდირმა თქვა, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც ამოწმებს კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და რომ თვითონ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რომელი მოდელია ჩვენთვის მისაღები. ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რადგან გააგზავნინა ეს პროექტი. გერმანული მოდელი არ განიხილება და ამასთან დაბრუნება აღარც მოხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.