ოდიშარია კინოცენტრის დელეგაციაზე: ყველა დელეგატი არის თავისი საქმის პროფესიონალი

პუბლიკა

ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრის 32-კაციანი დელეგაციის გამგზავრებას ეხმაურება. მისი თქმით, ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდისა და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდიუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი, რასაკვირველია, ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ „პოსტვ-ის“ და „იმედის“ გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია, კინოცენტრი ზრუნავს, რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე“, – წერს ოდიშარია.

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.

„პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები.

EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.

გური სულთანიშვილს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.

მაგალითისთვის ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობაზე:

  • ესტონეთის კინოინსტიტუტს 9 წარმომადგენელი ეყოლება;
  • ჩეხეთის კინოფონდს – 5;
  • საფრანგეთის ეროვნულ კინოცენტრს – 8;
  • საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს – 32.