ოდნავ შემცირებულია ვირუსის აგრესიულობა, 1%-ია გლობალურად კრიტიკული ავადმყოფების – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება გლობალურად, თუმცა ვირუსის აგრესულობა ოდნავ შემცირებულია. ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ოდნავ დამამშვიდებელი რაც გახლავთ, არის ის, რომ ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა, არის ოდნავ შემცირებული. თუ გაზაფხულზე ჩვენ სიკვდილიანობის პროცენტი გვქონდა 7, გლობალური. დღეს გახლავთ 3.2%. შემთხვევების უმეტესობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მსუბუქად. მარტო 1%-ია კრიტიკული ავადმყოფების გლობალურად“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარის რეგიონში გამოვლინდა.