საქართველოს პარლამენტს უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის მიწვევა ოფიციალურად არ მიუღია. ამის შესახებ „პუბლიკას“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
უკრაინის საელჩოში ბრიფინგზე დღეს, 8 აპრილს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერები, მათ შორის, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია.
რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გუშინ, 7 აპრილს განაცხადა, რომ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვები ევროკავშირის პარლამენტებსა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს, რომ მოინახულონ უკრანის გათავისუფლებული ქალაქები, განსაკუთრებით ბუჩა და ირპინი. Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე სტეფანჩუკმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მონიშნა.