„რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის დასახელებაზე NATO-ს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს. მის ვინაობას ჟურნალისტი არ აკონკრეტებს.
იოზვიაკის თანახმად, NATO-ს ოფიციალური პირი ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთი აქტიურად ცდილობს, გავლენა მოიპოვოს საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენის მოპოვებას საზღვარგარეთის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება”, – ამბობს NATO-ს ოფიციალური პირი.
ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული.
China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.