გიორგი რურუას ადვოკატების, დიტო საძაგლიშვილისა და შალვა შავგულიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სახელით, ევროპარლამენტარებთან გიორგი რურუას შესაძლო დანაშაულებებზე წერილი გაიგზავნა.
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარებისადმი გიორგი რურუას საქმეზე უმრავლესობის სახელით ოფიციალური წერილის გაგზავნის ფაქტს უარყოფს. ის, რაც ევროპარლამენტარებმა მიიღეს, „სიახლეების ლენტაა, რომელსაც ყველა გამომწერი იღებს,“ – განუცხადა „პუბლიკას“ კახა კუჭავამ.
წერილში, რომელიც კახა კუჭავას თქმით, სიახლეების ლენტაა და არა უმრავლესობის ხელმოწერილი ოფიციალური მიმართვა, საუბარია წარსულში გიორგი რურუას შესაძლო დანაშაულებების შესახებ. წერილს თან ერთვის რურუაზე „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი ინგლისურენოვანი სუბტიტრებით.
შალვა შავგულიძემ დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესამდე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ეს წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებს დაეგზავნათ, „არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.“
მან ბრიფინგზე საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან წარმოადგინა წერილი, რომელშიც, მისივე თქმით, წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.
„მე ხელთ მაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული ცნობა საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, რომელშიც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას გიორგი რურუას არათუ ნასამართლეობის, არამედ ოდესმე მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით და ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი, თითქოსდა გიორგი რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით წარმოადგენს უპასუხისმგებლო მოქმედებას ხელისუფლების მხრიდან. ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
კახა კუჭავამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ეს წერილი უმრავლესობის სახელით გაგზავნილი და ხელმოწერილი არ არის. – „ჩვეულებრივი ნიუსლეთერია, რომელიც ყველა გამომწერს მისდის,“ –ამბობს კუჭავა.