ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტმა შეშფოთება გამოუცხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს 2024 წლის ბოლოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო ფაქტების გამოძიების ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო.
კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
მაიკლ ო’ფლაერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენებიც კი დადგა, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია.
კომისარი საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნებზე, რომლებშიც აღწერილია მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალი ბრალდება, მათ შორის, წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობები.
კომისარი ხაზს უსვამს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს ძალის გამოყენების კანონიერებასთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ოფიციალური აღიარება, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოზე პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, კომისარი მოუწოდებს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისკენ, მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და მოითხოვს განახლებულ ინფორმაციას მიღებული ზომების შესახებ.