საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს. საკითხს საბოლოოდ კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა კანონიდან მთლიანად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებული აქტივები, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
გარდა ოფშორის საკითხისა, კანონპროექტი ასევე შეეხებოდა საგადასახადო ამნისტიას, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უცვლელადაა გადატანილი.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. მისივე თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია კანონის დაჩქარებული წესით მიღება. პრეზიდენტი წერს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებისთვის. ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი. პრეზიდენტი ასევე მიუთითებს, რომ კანონში წარმოდგენილი არ იყო ფინანსური დასაბუთება.
კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ვეტოს დაძლევენ.
ფოტოზე: პირველი – პრეზიდენტის ვეტო; მეორე – პარლამენტის მიღებული ცვლილება
საგადასახადო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს 73 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებულად, 17 და 18 აპრილს განიხილა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ეს კანონი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბიძინა ივანიშვილთან, რასაც უმრავლესობის წევრები უარყოფენ. ორგანიზაციის შეფასებით, კანონი გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს.