ოჯახი ჰყვება, რომ გუშინ თბილისში სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდა კაცს - ის კლინიკაშია გადაყვანილი

პუბლიკა

ოჯახი ჰყვება, რომ გუშინ თბილისში ახალგაზრდა კაცს ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა – ბექა ონიანის დეიდა „პუბლიკასთან” ამბობს, რომ ბექა ონიანი მძიმე ტრავმებით გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში და ხელოვნურ კომაში იმყოფება.

დეიდის ინფორმაციით, გუშინ სპორტის სასახლეში გამართული მატჩის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ორ სხვადასხვა პირს შორის, თუმცა კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა. მისი თქმით, ამ კონფლიქტთან არ ჰქონია კავშირი ბექა ონიანს, თუმცა მოგვიანებით, გასახდელიდან გამოსულს მას გარეთ დახვდა ერთი პირი და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ახალი სპორტის სასახლეში იყო თამაში, დინამოსა და თსუ-ს შორის. ბექა დინამოს გუნდში თამაშობს და ორ სხვადასხვა ადამიანს შორის მოხდა კონფლიქტი, კონფლიქტი ისეთი არაფერი, მალევე აღმოიფხვრა, გუშინ ხდება ეს. შემდეგ, როცა ბექა გასახდელიდან გამოდის, პარკინგზე ხვდება თსუ-ს გუნდის, მაგ გუნდში მოღვაწე ბიჭი, შესაბამისად, მანქანაში ელოდება, ხედავს, რომ ბექა მიდის მანქანასთან და გადმოდის და აყენებს სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმებს და ადგილიდან გარბის.

ბექა გადმოყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, აქვს ძალიან მძიმე ტრავმები, ხელოვნურ კომაშია, თავის ძვალი აქვს ახდილი, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მხარეს, თუმცაღა თავის ტვინის წნევამ თუ მოიმატა, ამბობენ, რომ შეიძლება, მეორე მხარესაც გავხსნათო. კრიტიკულად მძიმეა მდგომარეობაში. ჩვენთან, ოჯახის წევრებთან არ აქვთ არანაირი კონტაქტი, თუმცა დღეს გამომძიებელს რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ახალი ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, ვერაფერს ვერ მეტყვიან”, – აღნიშნავს ის.

„პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.