ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ახალ სქემას წარადგენს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ფინანსურ წახალისებას გულისხმობს. გაბუნიას თქმით, ის ექიმები ან/და ექთნები, ვინც 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართავენ, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
„ოჯახის ექიმი და ექთანი, როგორც სოფლად ასევე, ქალაქებში ყველაზე ახლოს არის ამ [60 წელს ზემოთ] ჯგუფის მოქალაქეებთან, რადგან მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება – ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ.
ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმებისა და ექთნების მეტად აქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას, რაც ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას და აიცრება, მოხდება ანაზღაურება შესაბამისად ოჯახის ექიმის და ექთნის იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი, რათა ექიმებმა და ექთნებმა მეტად აქტიურად იმუშაონ – თუ მოქალაქეს სჭირდება მეტი ახსნა-განმარტება და მეტი დარწმუნება ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მან ეს მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან და ექთნისგან.
„ვფიქრობთ ეს დაგვეხმარება, რომ დაიფაროს ის დაბალი ტემპი, რაც ჩვენ გვაქვს 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში“, – აღნიშნავს გაბუნია.
თამარ გაბუნიამ ასევე ისაუბრა ექიმების ჩართულობაზე ვაქცინაციის პროცესში. როგორც მან აღნიშნა, სოფლად დღეს საკმაოდ დაბალია ოჯახის ექიმების ვაქცინაციის პროცესი:
„ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 75%-ზე მეტი. უფრო დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ექთნებსა და სანიტრებს შორის. იზრდება ოჯახის ექიმების მოტივაცია და ინტერესი, რომ თავად გაიკეთონ ვაქცინა და ასევე მოუწოდონ სოფლის მოსახლეობას და მათთან რეგისტრირებულ სხვა ბენეფიციარებს, აიცრან, თუმცა საყურადღებოა ის 25% ექიმებისა, რომელიც თავადაც არ არის აცრილი რაღაც მიზეზის გამო და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იმის მოლოდინი, რომ აქტიური პრომოცია მათ შეუძლიათ თავიანთ მოსახლეობასთან გასწიონ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შეკითხვები გვაქვს და აქაც იქნება კიდევ დამატებითი დამხმარე და მხარდამჭერი ზედამხედველობა გარკვეულწილად ვაქცინაციის შეუფერხებელი ჩატარებისთვის.
დღეს საკმაოდ დაბალია სოფლად ვაქცინაციის პროცესი – მაგალითისთვის კახეთში, პარასკევს გახლდით ოჯახის ექიმებთან შეხვედრაზე. დაახლოებით 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა, რაც არაფერი არ არის. ამდენად ეს პროცესი არის ძალიან გასააქტიურებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.