ოჯახის გამოსახლების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ლაშა გიგაურის ოჯახის გამოსახლების საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყება „პუბლიკას” უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით გულისხმობს.

უწყებაში გვითხრეს ისიც, რომ გამოსახლდებული პირი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გასაუბრების მიზნითაც იყო დაბარებული..

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.

გიგაურის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

მათივე თქმით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული და მათი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქონება არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. მათივე ინფორმაციით, ამ გამოძიების ფარგლებში ქონებაზე ყადაღა იყო დადებული, რაც გამოსახლების გადავადების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

„პუბლიკასთან” საუბრისას აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ყადაღა ავტომატურად არ აჩერებს გამოსახლების პროცესს. ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ქონება წარმოადგენს არა მოვალის, არამედ კრედიტორის საკუთრებას. როგორც ბიუროში ამბობენ, გიგაურის წარმომადგენლებმა მიმართეს კიდეც სასამართლოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებზე დაყრდნობით, (რათა გათვალისწინებული ყოფილი მათ შორის უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის საკითხიც), თუმცა სასამართლომ გამოსახლების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება არ მიიღო. შესაბამისად, აღსრულების ბიუროს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, გადაევადებინა გამოსახლება.

რაც შეეხება გამოსახლების ფორმებს, მათი თქმით, ბიუროს თანამშრომლებს აქვთ უფლებამოსილება, რომ იძულებით გააღონ ღარი, ჭიშკარი წინააღმდეგობის გაწევის გამო.