17 მარტს ზუგდიდში პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ შალვა ესართიას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ ქმედებას ედავებიან – ინფორმაციას დაკავებულის და, თამარ კანკავა, ავრცელებს.
ბრალის გადაკვალიფიცირებაზე ინფორმაციის დასაზუსტებლად „პუბლიკა“ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ აქვთ ინფორმაცია. უწყებიდან მისი მიღებისთანავე მასალა განახლდება.
დაკავებულის და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
საუბარია სისხლის სამართლის 353-ე ტერცია მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით სახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლის კიდევ ერთხელ დარღვევა ისჯება 1 წლამდე პატიმრობით.
„პუბლიკას“ თამარ კანკავამ განუცხადა, რომ დღეს, დილით, 7 საათზე დაკავებული ესართიას მეუღლეს დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან. კანკავა ამბობს, რომ ამჟამად ესართიას მოსანახულებლად იზოლატორში მიდიან ადვოკატები და იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ბრალთან დაკავშირებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
17 მარტს შალვა ესართიას დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტებმა გაავრცელეს. მასზე ჩანს, რომ ესართიას პოლიციელები ძალის გამოყენებით სვამენ საპატრულო პოლიციის მანქანაში.
სამოქალაქო ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“, რომელიც ზუგდიდში მუშაობს, 17 მარტის დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ავრცელებს ინფორმაციას.
ორგანიზაციის ცნობით, 17 მარტს შალვა ესართია ავტომობილით გადაადგილებისას ქვეითისთვის გზის არდათმობის გამოგონილი მიზეზით გააჩერეს. გაჩერებისთანავე შალვა ესართიამ კატეგორიულად უარყო სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან, მისი პოზიციით, წესები არ დაურღვევია და ქვეითის მოძრაობისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.
„სრულიად გაუგებარი და სამართლებრივად აბსურდულია ქმედების სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია. შალვა ესართიას მიერ მისი დაკავებისას ემოციურ ფონზე გამოთქმული პროტესტი არ უნდა განიხილებოდეს სისხლის სამართლებრივ ჭრილში. მსგავსი ინციდენტები, როგორც წესი, ადმინისტრაციული წესით განიხილება. მუხლის დამძიმება მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ადამიანის დასჯის განსაკუთრებულ ინტერესზე. შალვას მიმართ ადრე გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა და ახლანდელი გადაკვალიფიცირებული ბრალი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს სისტემურ დევნას, მისი აქტივობისა თუ პიროვნული პოზიციის გამო.“ – წერს ორგანიზაცია.
შალვა ესართია 173-ე მუხლით – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა – მესამედ დააკავეს. პირველად – 2025 წლის იანვარში, მეორედ – 2025 წლის დეკემბერში და ბოლოს – 2026 წლის მარტში. პირველ ჯერზე ის 3000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მესამედ დაკავების შემდეგ კი უკვე სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს ბრალი.