თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ დღეს იმსჯელეს მათ კოლეგის, აკაკი ჩიქობავას საქმესთან დაკავშირებით.
„და მივიღეთ გადწყვეტილება, რომ ოჯახის და ადვოკატის მომართვის შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, მათ შორის მეც, ვუშუამდგომლებთ მას შესაბამის უწყებებთან, და თავდებში დავუდგებით” – ამბობს სამუშია.
შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უნივერსიტეტმაც.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.
ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. – წერია განცხადებაში.
მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით 22 იანვარს, კეკელიძეზე მიმდინარე გამოსახლების გაპროტესტებისას დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.