ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი წარადგინა. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მზადაა და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხილვა პარლამენტში.
მინისტრის განმარტებით, რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი და ეს გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო, ასევე ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს.
გარდა ასაკობრივი ზღვრის გაზრდისა, განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეეზღუდებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური:
კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეეზღუდებათ:
„სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექამიზმით;
ასევე, გათვალისწინებულია აკრძალვა ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით – შავ სია რომ მოხვდნენ პირები;
ჯამში, 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ხუციშვილმა ამბობს, კანონპროექტი ითვალისწინებს კონტროლის მექანიზმების შემოღებას, რასაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საუბარია რეგისტრაციის, თანხის შეტანა-გამოტანის წესების გამკაცრებაზე. ასევე, შეიზღუდება ერთი მოთამაშიდან მეორეზე თანხის გადარიცხვა.
რაც შეეხება რეკლამას, მისი თქმით, რეკლამის ნაწილში სრულად შეიზღუდება გარე და სატელევიზიო რეკლამა, ასევე – ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.
ცვლილებები შეეხება უცხოეთში თანხის გადარიცხვის შეზღუდვასაც.
მინისტრის თქმით, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, არ დაუშვან მათ მიერ გამოშვებული საგადასახდო ბარათებით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი ფირმის სასარგებლოდ გადახდები, „რაც ასევე არის შეზღუდვის მექანიზმი, რათა ეფექტიანად მოხდეს ამის განხორციელება”, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
რაც შეეხება საგადასახადო რეგულაციებს, მინისტრი ამბობს, რომ ონლაინსათამაშო ბიზნესისთვის სრულად იცვლება დაბეგვრის წესი,
„კერძოდ, განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად დაიბეგრება ე.წ. GGR, რაც არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ თანხას შორის სხვაობა, 10%-იანი მოგების გადასახადით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში ამ ბიზნესის დაბეგვრის. გარდა ამისა, გაცემული მოგებები თანხის გატანისას დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, 65-70%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის”, – ამბობს ის.