ოჯახში ძალადობის 4101, გაუპატიურების - 204 შემთვევა — შსს-ის 2023 წლის დანაშულის სტატისტიკა

პუბლიკა

შიგანან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების განცხადებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი შემცირდა. ამასთან, შსს ამბობს, რომ გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.

რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს – შსს-ის ცნობით, 2023 წელს უწყებამ დაარეგისტრირა 54 177 დანაშაული.

მათგან:

განზრახ მკვლელობების და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი; 

ჯამში, დარეგისტრირდა სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-116 მუხლები) 1470 საქმე.

  • დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (სსკ-ის 117-126/1 მუხლები) – 8 084 შემთხვევა;
  • მათგან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევა იყო 189;
  • ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126-ე მუხლი) დარეგისტრირდა 3 097 შემთხვევა;
  • ოჯახში ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126¹) – 4 101 შემთხვევა, მათგან 3 542 საქმე გაიხსნა.

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა (სსკ-ის 127-136 მუხლები ) – დარეგისტრირდა 24 საქმე. 

დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (სსკ-ის 137-141 მუხლები) – დარეგისტრირდა 568 საქმე.

  • მათგან: გაუპატიურების შემთხვევა იყო 204;
  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება – 82 შემთხვევა;
  • პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება – 37 შემთხვევა;
  • სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში – 116 შემთხვევა;
  • გარყვნილი ქმედება – 141 შემთხვევა.

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ (სსკ-ის 171-176-ე მუხლები) – დარეგისტრირდა 35 შემთხვევა.

სხვა დანაშაულები: 

  • 2023 წელს დარეგისტრირდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის (სსკ-ის მუხლი 143-ე) 94 შემთხვევა;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) – 9 შემთხვევა;
  • არასრულწლოვანით ვაჭრობის – 6 შემთხვევა;
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა – 37 შემთხვევა;
  • იძულება –  322 შემთხვევა;
  • ქორწინების იძულება – 49 შემთხვევა;
  • მუქარა – 4021 შემთხვევა;
  • ადევნება – 118 შემთხვევა;
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა – 14 შემთხვევა;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა – 6 შემთხვევა;
  • კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა – 1 შემთხვევა;
  • პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა – 11 შემთხვევა;
  • შრომის კანონმდებლობის დარღვევა – 1 შემთხვევა;
  • შრომის დაცვის წესის დარღვევა – 11 შემთხვევა.